ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთაველის თეატრი მოსკოვში, “მოსსოვეტის” სცენაზე გამოვა

8-9 ივნისს მოსკოვში, “მოსსოვეტის” სახელობის თეატრის სცენაზე, სადაც რუსთაველის თეატრს ელოდებიან, რობერტ სტურუას სპექტაკლი – „ვანო და ნიკო“ გაიმართება. თეატრის დასი მოსკოვში ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა მიიწვია.

როგორც კრიტიკოსი და ჟურნალისტი დავით ბუხრიკიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩეხოვის სახელობის ფესტივალის ორგანიზატორები რუსეთის ხელისუფლებასთან და კერძოდ, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირები არიან და შესაბამისად, მიუღებელია რუსთაველის თეატრის მონაწილეობა ამ ფესტივალში.

„ფესტივალისთვის ყოველთვის ძალიან დიდი ფული იხარჯება. პუტინის ხელისუფლება ამ ფესტივალს პოლიტიკურ და სოციალურ ინსტრუმენტად იყენებს… კარგად და ეშმაკურად აქვთ გათვლილი ყველაფერი – ძალიან მაღალ ხარისხს ინარჩუნებენ და საუკეთესო თეატრებსაც ამით იზიდავენ. ერთადერთი სწორი ნაბიჯია, თქვა – არა, ოკუპანტ ქვეყანაში არ ჩავალ… სხვა როგორც არ უნდა მოიქცე, მოსკოვი ამას მაინც თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს“, – ამბობს დავით ბუხრიკიძე.

მისი აზრით, როცა სახელმწიფო თეატრი, რუსთაველის თეატრი ჩადის მოსკოვში, ეს, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთის მიმართ ქართული სახელმწიფოს პოზიციად აღიქმება.

„როცა შენ ხარ ძალიან მასშტაბური ნაციონალური თეატრი, შენ გაქვს ასმაგად და ათასმაგად უფრო დიდი პასუხისმგებლობა… აქ არ გამოგვადგება არგუმენტი, რომ ქართული კულტურის პროპაგანდას ვეწევით. კერძო თეატრი რომ იყოს, ეს ასე არ იქნებოდა. სახელმწიფო თეატრის გასტროლები სახელმწიფოს სახის წარდგენაა“.

იტვირთბა....