ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში 7 თვის ჩვილის გაგუდვას ეხმაურება. პატარაიას განცხადებით, 16 წლის ბავშვის დედობა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს.
“16 წლის დედამ შვილი მოგუდაო. ჯერ ერთი რატომ არის 16 წლის ბავშვი სხვა ბავშვის დედა? რატომ სძინავს სახელმწიფოს? 16 წლის ბავშვის დედობა სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს უკვე. იყო გამოძიება დაწყებული ამაზე? არ იყო.
მეორეც, ამ ქვეყანაში ყველას ფეხებზე ჰკიდია დედების საჭიროებები. არც ცოდნა გვაქვს და არც საშუალება, რომ იმკურნალონ პოსტ-სამშობიარო დეპრესიის მქონე ქალებმა (ამ შემთხვევაში ბავშვებმა).
ფსიქიკური ჯანმრთელობა პრიორიტეტი არ არსი ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე ადამაინს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ამ ერთ ამბავში იმდენი ტრაგედია იკითხება… ვისწავლით კი რამეს? შევცვლით კი რამეს?”, – წერს პატარაია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა.