ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება ევროპული საქართველოსადმი, სადაც ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები არიან ” – ღარიბაშვილი

მმართველი გუნდის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ არ არსებობს რამდენიმე პარტია და ეს ყველაფერი იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

„მჯერა, რომ ხალხი ძალიან სწორ დასკვნას გამოიტანს. არავითარი დაყოფა არ ხდება და მათ შორის, არც იდეოლოგიური დაყოფა არ არსებობს. ეს არის ერთი ორგანიზმი, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი დგას და დანარჩენები არის საცეცები, ხელები და ა.შ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგები იყვნენ და დანაშაულებში პირდაპირ მონაწილეობდნენ, დღეს აცხადებენ, რომ რაღაც ახალი პროდასავლური გაერთიანება უნდა მოხდეს.

„ძალიან მაკვირვებს ადამიანების დამოკიდებულება „ევროპული საქართველოს“ მიმართ. „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ე.წ. დანაყოფში არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობრივი რეჟიმის იდეოლოგები იყვნენ – ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა და ა.შ. მათ არაერთ მძიმე დანაშაულში მიუძღვით მონაწილეობა, პირდაპირ და არა ირიბად. ეს ადამიანები დღეს ვითომ ემიჯნებიან იმ მძიმე წარსულს. ჩემი შეფასებით, ეს უბრალოდ, ტაქტიკური გამიჯვნაა. რა თქმა უნდა, ეს კარგად არის გააზრებული, რომ ერთი მხრივ, ჩამოიცილონ ის მძიმე დანაშაულები, მაგრამ ეს ადამიანები პოლიტიკაში რჩებიან და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის ითხვაზე, იყო თუ არა შუალედური არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი დასასრული და ხედავს თუ არა ის სცენარის იმგვარად განვითარების პერსპექტივას, რომ შესაძლოა, ამით სხვა პოლიტიკური ძალებისთვის ახალი სივრცე გაჩნდეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის გულწრფელი სურვილია, კონსტრუქციული ოპოზიციის დაბადება მოხდეს და არა ისეთის, როგორიც „ევროპული საქართველო“ ან სხვა პარტიები არიან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ „ევროპულ საქართველოს“ მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები შეუერთდებიან, ნახავს თუ არა საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ სახეს, რომელიც ვითომ ძველი სახის ალტერნატივად გაჩნდება და მესამე ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლებს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ნიღბის შეცვლაზე, თორემ რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზმი იგივე რჩება მიხეილ სააკაშვილის სახით. ხოლო, რაც შეეხება ყოფილ პარტნიორებს, მისთვის მათი მოტივაცია გაუგებარია, მაგრამ თუ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდებიან, ეს მხოლოდ გაუხარდება.

„როგორ შეიძლება იმ მძიმე დანაშაულების ლეგიტიმაცია, ჩამორეცხვა და დავიწყება, რაც მათ დროს იქნა დაშვებული. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ, გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილის მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვები პასუხისგებაში იქნენ მიცემული; დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჩვეულებრივი კრიმინალია. შეიძლება, ასე ითქვას. მე არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან მან მოიხადა კიდეც სასჯელი. ჩვენ ვაგებინეთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ამ მძიმე დანაშაულების დამგეგმავები და ორგანიზატორები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის უბრალოდ, გაუგებარია ჩვენი ყოფილი პარტნიორების მოტივაცია, რატომ უერთდებიან. თუმცა, ეს მათი არჩევანია და ნამდვილად არ მეწყინება, თუ გაერთიანდებიან “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....