ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვისაც ეს ეხება ილოცონ, რომ მათი გვარები ამ სიაში არ მოხვდეს – კობიაშვილი ჩაწყობილ თამაშებზე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის და დაკავებული ფეხბურთელების შესახებ, საგანგებო განცხადება გაავრცელა.

კობიაშვილის განცხადებით, ის არ დაელოდება გამოძიების დასრულებას.

“შესაძლოა, არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე არ დაველოდები გამოძიების დასრულებას. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა და ჩემი სურვილია, რომ დამნაშავეები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ”.

“არიან ფეხბურთელები, რომლებიც მსგავსი ქმედებების გამო იყვნენ დასჯილები, მაგრამ დღესაც თამაშობენ. ეს არის სწორედ ამ კლუბების უპასუხისმგებლობა. ადამიანები, რომლებიც მსგავს საქციელში არიან შემჩნებულები, ისევ დააბრუნეს. საერთოდ ქართული ფეხბურთის მომავალზე, არა მარტო ფედერაციამ, არამედ კლუბებმაც უნდა იფიქრონ და ეს პასუხისმგებლობა გაიაზრონ“, – განაცხადა კობიაშვილმა.

დაისჯებიან თუ არა ფეხბურთელებთან კლუბებიც, ამაზე კობიაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა –

„მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის დასასრული. გაიმართება სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, სადაც, შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც დასახელდეს. ვისაც ეს ეხება, ილოცონ, რომ მათი კლუბები და გვარები ამ სიაში არ მოხვდეს”.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს.

იტვირთბა....