ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კრწანისში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

კრწანისის რაიონში იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. პოეტის დაბადებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახლად გახსნილ სკვერში თეატრალიზებული სანახაობა წარმოადგინეს, რომელიც იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებისა და  მოღვაწეობის ეპოქის გაცოცხლებას ისახავდა მიზნად.

სკვერის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღეს, აქ ძალიან  სასიამოვნო გარემო სუფევს. მახსოვს, არჩევნების წინ, როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდით, როგორი მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა მართლაც ემოციებს ვერ ვმალავ, ძალიან მიხარია. ადგილობრივი მოსახლეობაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილია, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს, პატარებთან ერთად გამოვიდნენ ძალიან ლამაზ, კეთილმოწყობილ მწვანე სივრცეში. ზუსტად ასეთია ჩვენი დამოკიდებულება, რაიონ-რაიონ, უბან-უბან და ქუჩა-ქუჩა უნდა მოვახერხოთ და ასე გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სხვადასხვა მოცულობის პროექტი ხორციელდება. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ძალიან კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით.

ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ჰქონდა თავისი ხიბლი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, წლების განმავლობაში ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული თბილისთან მიმართებით, ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ მსგავსი პროექტებით. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩართული იყავით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გრიშაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე ახალი სკვერი კრწანისის რაიონის გამგეობამ მოაწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, ასევე, კიბისა და გზისპირა მოაჯირი და გარე განათების სისტემა მოეწყო.

სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდა და რულონური ბალახი დაიგო. ასევე, განთავსდა საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გამგეობამ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მიმართა, აღნიშნული სკვერი იოსებ გრიშაშვილის სახელობის ყოფილიყო.

ახალი სკვერის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 317 000 ლარი დაიხარჯა.

გახსნის ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ბექა ოდიშარია, ასევე, პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

იტვირთბა....