“ვფიქრობ, საქართველოში ლგბტქი თემის უფლებებო დაცულია, მე არ მსმენია, ამის გამო ადამიანები ან სამსახურში, ან სამუშაო ადგილზე, ან ქუჩაში ან სადმე შეევიწროვებინათ”, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას 17 მაისთან დაკავშრებული მოვლენების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზაზა ხუციშვილმა.
როგორც იცით, დღეს ლგბტქ თემს დაგეგმილი ჰქონდა პრაიდი და მსვლელობა, რაც, გარკვეული მიზეზების გამო, გადაიდო.
ხუციშვილის აზრით, შეხედულება, რომ 17 მაისს დაგეგმილი პრაიდის ჩაშლა ლგბტქი ადამიანების უფლებების დარღვევასა და საზოგადოებისადმი მათ შიშზე მეტყველებს, არასწორია.
“ვფიქრობ, საქართველოში ლგბტქ თემის უფლებებო დაცულია, მე არ მსმენია, ამის გამო ადამიანები ან სამსახურში, ან სამუშაო ადგილზე, ან ქუჩაში ან სადმე შეევიწროვებინათ, თუ არ გავიხსნებეთ თითოეულ, ძალიან სამწუხარო შემთხვევას, როდესაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა ამას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კიდეც.
ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანთა გამოხატვის თავისუფლება, ოღონდ ეს გამოხატვაც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცა ფარგლებში. მე მაგალითად, ქუჩაში ტრადიციული ორიენტაციის ადამიანების ზედმეტად დემონსტრირებაც თავისი ორიენტაციის , არ მიმაჩნია სწორად, რომ მაინც და მაინც ქუჩაში რაღაცები უნდა აკეთო ამის დასამტკიცებლად”, – თქვა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ქვეყანაში ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის უსაფრთხოება.
“არ ვთვლი, რომ მათ რაღაცნაირად შეავიწროვებს გარკვეული ჯგუფი, ყოველშემთხვევაში ხელისუფლებისგან ხელი შეეშალოთ. თუმცა, არსებობენ სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის ზოგი განსაკუთრებით რადიკალურად არის განწყობილი და მათი ფიზიკური მშვიდობიანი ურთიერთშეხება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს” , – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მსოფლიოში აღინიშნება, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
გასულ წლებში საქართველოშიც იმართებოდა ლგბტქი ადამიანთა აქცია, რასაც ხშირ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვებოდა, განსაკუთრებული აგრესიით დასრულდა 2013 წლის 17 მაისის გამოსვლა.