სომხური მედიის ინფორმაციით, ქართველმა წყვილმა სომხეთში ორი ადამიანი მოკლა. „არმნიუსის“ ინფორმაციით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა მოკვლევა და დაადგინა, რომ გეღარქუნიქის პროვინციაში 26 წლის სომეხი მამაკაცი და ერევანში 71 წლის პენსიონერი ქართველმა წყვილმა მოკლა.
როგორც სომხური მედია წერს, ბრალი წაყენებული აქვს საქართველოს სამ მოქალაქეს. ორ მათგანს მკვლელობაში სდებენ ბრალს, ხოლო ერთს მკვლელობის თანამონაწილეობაში.
„არმნიუსის“ ინფორმაციით, ინციდენტი 31 მაისს მოხდა. პოლიციამ 26 წლის ჟორა მარტიროსიანი სევანის ტბასთან აღმოაჩინა. მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მანქანა სამართალდამცველებმა მთავრობის მიერ მოწყობილ საზაფხულო ბანაკის ავტოსადგომზე იპოვეს.
გამოძიება ამბობს, რომ ორი ქართველი სომხეთში არალეგალურად შევიდა.
პოლიციის ცნობით, ქართველმა წყვილმა ტაქსის მძღოლი ქვით მოკლა, შემდეგ კი გაძარცვა. მათი მეგობარი კი მომხდარს შეესწრო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მანამდე, 2018 წლის იანვარში ამავე წყვილმა გაძარცვა და მოკლა ერევანში მცხოვრები 71 წლის პენსიონერი ქალი.
სამივე ბრალდებულის საქმე სომხეთის პროკურატურაშია გადაგზავნილი.