ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზურაბიშვილი – ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილს დიდი სიამოვნებით დავიკავებთ

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილს დიდი სიამოვნებით დავიკავებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ისევე როგორც 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დღესაც ევროპულ გზას ირჩევს.

„ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, ეს დიდი ბრიტანეთის ქმედებაა. მოხარულები ვიქნებით მათ მიერ გათავისუფლებული ადგილის დაკავებით. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ. პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემი კონკურენტი რუსეთის კანდიდატი იყო, თუმცა საქართველომ ევროპა, ევროპული გზა აირჩია. რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი. დღეს, გუშინ და 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევდა და ირჩევს ევროპულ გზას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებზე ერთ-ერთ მთავარ თემას ეძღვნებოდა. ეს იყო – პოპულისტების აღზევება და ფინანსური, სოციალური თუ ეკონომიკური გავლენა ევროპის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. სალომე ზურაბიშვილთან ერთად დებატებში მონაწილეობა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარმა, პიერ მოსკოვიჩმა, ასევე იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ და ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარემ, გი ვერჰოფსტადტმა მიიღეს.

წყარო: “1tv
იტვირთბა....