ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სასწრაფოდ გამოიძიონ ზუგდიდში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებმა შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

“14 მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება”- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე ეხმაურება „რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია გამოძიება დაინტერესდეს ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებითაც.

“აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი. გარდა ამისა, 13 მაისს „რუსთავი 2”-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში. პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს,”- წერია განცხადებაში.

იტვირთბა....