კომპანია “ალმამ”, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილას სარეკლამო ბანერებს ფლობს “თანასწორობის მოძრაობას” 17 მაისის აღსანიშნავად ბანერების გავრცელებაზე უარი უთხრა, – ინფორმაციას ამის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანიამ უარის მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო ბანერები გაზრდის ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებს გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას.
“თანასწორობის მოძრაობა” აპირებს ამ საკითხზე სასამართლოს მიმართოს.
“ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობა, რომ “თანასწორობის მოძრაობა” იღებდა ვალდებულებას ბანერის მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაში მას უნდა აენაზღაურებინა ახალი სარეკლამო მასალის დაბეჭდვისა და მონტაჟს ღირებულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები ვითვალისწინებდით სარეკლამო მასალის დაზიანების რისკებს, რაზეც შევთანხმდით. კომპანია “ალმას” მხრიდან არ მომხდარა სარეკლამო ბანერების დაზიანების რისკებზე საუბარი და გარდა ამისა მათ არ შემოუთავაზებიათ დამატებითი პირობა ბანერების დაზიანების შემთხვევაში თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
ვთვლით, რომ სარეკლამო კომპანია “ალმას” მხრიდან განხორციელდა დისკრიმინაციული მიდგომა. მან დაარღვია ხელშეკრულება და უარი უთხრა “თანასწორობის მოძრაობას”, მომსახურების გაწევაზე დაუსაბუთებლად. მათი თავდაპირველი პოზიციით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის მოტივი იყო ის, რომ მათ ეკრძალებოდათ სოციალურ კამპანიებში ჩართვა და რეკლამების განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, საპასუხოდ არაფერი მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ ფაქტობრივად მონოპოლიური მდგომარეობა – ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული ბანერები მათი საკუთრებაა. აღნიშნული მოცემულობა კიდევ უფრო ამძიმებს მათ უარს, რადგან ორგანიზაციას ფაქტობრივად დაეხშო საზოგადოებისთვის ხმის მიწოდების ყველა ეფექტური გზა.
2013 წლის შემდეგ “თანასწორობის მოძრაობა” ვერ მართავს აქციას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავად. 2014 წელს საპატრიარქომ დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე, რომლის მსვლელობის მონაწილეები ფაქტობრივად იკავებენ საჯარო სივრცეს. 17 მაისის წინა პერიოდში ხშირდება თემის წევრების მიმართ დავდასხმები და ძალადობრივი მოწოდებები. ამის სანაცვლოდ, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო დღე თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურსა და ავტობუსების სამ მოსაცდელზე სარეკლამო სივრცე იჯარით აეღო ერთი თვის განმავლობაში. ბანერებზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის მესიჯები განეთავსებინა.
“თანასწორობის მოძრაობამ” 24 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება კომპანია “ალმასთან”, სადაც მითითებული იყო, რომ ბანერების ვიზუალები შემდეგ შეთანხმდებოდა. ხელშეკრულების დადებამდე, სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ბანერები 17 მაისს უკავშირდებოდა და მისი შინაარსი თანასწორობის მესიჯების შემცველი იქნებოდა, რომ აქციის გამართვის ნაცვლად ამ გზით გვსურდა საზოგადოებასთან კომუნიკაცია.
“თანასწორობის მოძრაობა” აპირებს მიმართოს სასამართლოს და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი სამართლიანობის დასაცავად”, – ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებაში.
სხვა განსათავსებელი ბანერები იხილით ბმულზე: ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსებაზე თანასწორობის მოძრაობას უარი უთხრეს