ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

რა ხდება თბილისის მეტროპოლიტენში

მეტრონომისექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან

დედაქალაქში მიმდინარე ნებისმიერ სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია. თბილისის მერია თითქმის ყოველი კვირის დასაწყისში აანონსებს ქალაქში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინიციატივებს. საცობები, მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გამწვანება, ხეების უკანონო ჭრა – ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართ მოსახლეობის ინტერესი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა, დედაქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან დაკავშირება და საზოგადოების პერიოდული ინფორმირება. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა მუმლაძე.

„მეტრონომი“: საცობების გამო, დროთა განმავლობაში, დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება სულ უფრო რთულდება, რას აკეთებს დედაქალაქის მერია ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

მამუკა მუმლაძე: საცობები არის ის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მიზნად დაისახა ქალაქის მერმა და მისი პირადი კონტროლის ქვეშ ხორციელდება ისეთი პროექტები, რომლებიც მიმართულია საცობების განმუხტვისკენ.

პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რამ გამოიწვია ასეთი საცობები. როცა დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების მშენებლობის ბუმი წავიდა, არავინ დაფიქრდა, როგორ უნდა ჩართულიყო ამ სისტემაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ეს ფაქტობრივად, ბატონმა კახიმ მოსვლისთანავე გადაწყვიტა და რაც დედაქალაქის მთავრობას დაგვევალა პირველი (შემდგომში კანონშიც შევიდა ცვლილება), იყო ის, რომ ტრანსპორტის სამსახურმა შეაფასოს მოსალოდნელი ზეგავლენა, რასაც გამოიწვევს, აქა თუ იქ, ახალი საცხოვრებლის აშენება. უნდა ნახოთ მიცკევიჩის ქუჩის ფოტოები, სადღაც 8 წლის წინ, აბსოლუტურად სხვა მდგომარეობას შეხედავთ იმიტომ, რომ მანქანების გასაჩერებელი ბევრი ადგილი იყო. თუმცა ახლა შეხედეთ, რამდენი საცხოვრებელი სახლი აშენდა და რამდენი მანქანა მიიზიდა ამ ტერიტორიამ.

გაჩნდა ბევრი ისეთი უბანი, სადაც  წინასწარ არ იყო გააზრებული რა შედეგი დადგებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილში. შესაბამისად, როცა ადამიანები დასახლდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ტრანსპორტის მომსახურება არ იყო, მოხდა ბევრი ავტომობილის მიზიდვა. ვერ დაიტია იმ უბანმა, გენერალური გეგმაც არ იყო, რომ რაიმე შეზღუდვები ყოფილიყო. დეველოპერებმა, სადაც სურვილი ჰქონდათ, დიდი საცხოვრებელი სახლები წამოჭიმეს. შესაბამისად, საცობები შეიქმნა  კონკრეტულ საცხოვრებლამდე მისასვლელ კვანძებზე.

სად არის გამოსავალი?

– დედაქალაქში შეიქმნა გეგმა. ამ გეგმის ნაწილია ახალი ავტობუსების შეძენა. იმიტომ, რომ „ბოგდანის“ ავტობუსებით მგზავრობა კატასტროფაა, საშინელებაა, ცუდია… შეიძლება, გაფუჭდეს, დაგაგვიანდეს თუ ბანკში მუშაობ, ან სოლიდურ კომპანიაში – ხელფასზე ზემოქმედებას ახდენს. ამიტომ, წავიდა ადამიანი, სესხი აიღო, იყიდა მანქანა და თავისთვის კომფორტი შეიქმნა.

ავტობუსებს ვცვლით ახლით და ვქმნით სისტემას, რომ კერძო ავტომობილზე სწრაფი გადაყვანა შეძლოს. ჩვენ შეგვიძლია, უკვე მაგალითები ვნახოთ: შარტავა-კოსტავას ქუჩას მერიის ზემოდან გადმოვხედოთ და დავინახავთ, რომ პიკის საათებში კერძო ავტომობილების  მოძრაობა შეფერხებულია, მაშინ, როცა ავტობუსები და მიკროავტობუსები სწრაფად გადაადგილდებიან.

ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ ავტობუსისთვის გამოყოფილი ბევრი ზოლი გაკეთდეს. ამისთვის დავიქირავეთ ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობა გამოკითხა და დააფუძნა ახალი სამარშრუტო ქსელი. ორი თვეა დარჩენილი იმისთვის, რომ დეტალური კვლევა და რეკომენდაციები წარმოადგინოს ჩვენთან. ამის შემდეგ მოვახდენთ სამარშრუტო ტაქსების მარშრუტების გადამტკიეცბას.

უკვე რობაქიძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, ყველგან ავტობუსის ზონები გაკეთდება. კანდელაკის რეაბილიტაციაც მიდის, როცა აღნიშნულ სამუშაოებს დავასრულებთ და ასფალტის საბოლოო ფენას გადააკრავენ ქუჩას, ჩვენ უკვე შევდივართ და ვაწყობთ დახაზვის მეთოდებს, მოსაცდელებს, სისტემა იქმნება სწრაფი მომსახურებისა.

კვლევების მიხედვით დასაბუთდა და დარწმუნებული ვართ, რომ ლესელიძის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ბევრი ოფისია და ოფისში მომუშავე ადამიანები მიდიან მანქანებით. ამიტომ, დილიდან-საღამომდე, საპარკინგე სივრცე დაკავებულია. ამისთვის, ჩვენ ჯერ ვწევთ მომსახურების ხარისხს, იქ შეგვყავს ახალი ავტობუსები და მაქსიმალურად ვაძლიერებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ნაწილს, ამის შემდეგ უკვე, დაახლოებით, თვენახევარში ჩავრთავთ საათობრივ-ზონალურ პარკირებას, რაც გათვლილი იქნება მხოლოდ ოფისში მიმსვლელი ადამიანებისთვის. რეალურად, ვიზიტორები, რომლებიც მიდიან 1 საათით, 2 საათით, უფრო მიდიან ხოლმე მაღაზიებში, კაფეებში, მცირევადიანი მისვლა აქვთ, ამ ფენისთვის ასეთი პარკირება იქნება კომფორტის მომტანი. დღეს ძალიან ბევრი ეძებს ადგილს აღნიშნულ ტერიტორიაზე, ვერ პოულობს, დარღვევით აჩერებს მანქანას და მერე ჯარიმდება, რეალურად, ჩვენი შედეგი იქნება, რომ იქ არსებული პარკირების 95% იყოს თავისუფალი. ფასს დავადებთ დაბალს და ისეთ ფასზე გავალთ, რომ ვიზიტორებისთვის იყოს კომფორტის შემქმნელი.

– ანუ, გარკვეული პერიოდით პარკირება იქნება უფასო?

– უფასო იქნება 4 ჯერ მისვლა, სხვადასხვა ადგილას 15 წუთით. გარდა ამისა, უფასო ადგილებს ვქმნით ტაქსებისთვის. 280 ადგილით დავიწყეთ და 340 ადგილზე ავედით. ყველა მოთხოვნას ვსწავლობთ, რათა სწრაფად დავაკმაყოფილოთ. ასევე, სუფთა ჰაერზე გვაქვს დიდი აქცენტი გაკეთებული, ელექტრომობილებისთვისაც უფასო იქნება, შშმ პირებისთვისაც, და ქუჩის მოსახლეობისთვისაც.

ხომ არ გაქ მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობის გეგმა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ბევრ ქვეყანაში?

– პარკირებამდე ბევრი რამ არის გასაკეთებელი. შეიძლება, არ დაგვჭირდეს მრავალდონიანი პარკირება. ფილარმონიის მიმდებარედ დავთანხმდით, რომ გაკეთდეს მიწისქვეშა პარკინგი.

ამ ტერიტორიაზე ტურისტული ზონაა, სასტუმროები და მიწისქვეშა პარკინგი მოგვცემს საშუალებას, რომ იქაურობა გავათავისუფლოთ და ვთქვათ, რომ ალტერნატივა გაჩნდა, თუმცა თუ ყველგან მსგავს პარკინგს გავაჩენთ და სხვას არაფერს გავაკეთებთ, მაშინ პრობლემას შექმნის.

დღეს თუ მივდივართ კონკრეტულ ქუჩაზე და პრობლემაა ავტომობილების დაპარკინგება, ახალი კერა გაჩნდება და ახალ მანქანებს მიიზიდავს, ის მანქანები იმ გაჭედილ კერებს გაივლის, რასაც დღეს პატრული არეგულირებს. 2 თუ დადის, მერე 4-ს მოუწევს გავლა. ვცდილობთ, ფრთხილად მივუდგეთ ასეთ საკითხებს. კერძო ავტომობილების მოხმარება უნდა შევამციროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯზე. ადამიანებს უნდა შევთავაზოთ, დავავალოთ, იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით, რომელიც არ ფუჭდება, აქვს კონდინცირება და გათბობა,

თბილისის მეტროდან ხშირად ხდება მგზავრთა ევაკუირება, ითიშება მეტრო, რა ხდება და რა გეგმები აქვს მერიას ამ მიმართულებით?

– როცა მეტრო ჩერდება, ღამის-12 დან 600-მდე ადამიანი ჩადის და მთელი ღამე დილის 5-მდე ამოწმებენ რელსებს, ჭანჭიკმა ხომ არ მოიშვა, ხომ არის მწყობრში, გვირაბებია და ხდება დაჭირხვნა, გრუნტის წყლები ხომ არ ემატება ან საფრთხე ხომ არ ემუქრება, რომელიმე მონაკვეთს და ა.შ. სპეციალისტებმა დადეს დასკვნა მეტროს მდგრადობასთან დაკავშირებით, გიჟები უნდა ვიყოთ, რომ უარყოფითი პასუხი გვქონდეს და როცა ამდენი მგზავრი გადაჰყავს მეტროს, საფრთხეში ჩავაგდოთ, ეს ზღაპარია.

ხარვეზები გამოწვეულია იმით, რომ რაღაც დეტალს შეიძლება ვადა გაუვიდა, ელექტროსისტემაა, შეიძლება რაღაც გამოვიდა მწყობრიდან და აღდგენა სჭირდება, თუმცა ამ ნაწილში, უსაფთხოების ნორმა მეტროში დაცულია, უმაღლეს დონეზე. ახალ ტექნოლოგიებზე რომ გადავალთ გამარტივდება უფრო ყველაფერი. 15 მლნ იხარჯება მხოლოდ სავენტილაციო სისტემისა და ელ-გაყვანილობის გამოცვლისთვის. კაბელი, რომელიც ძველია, შეიძლება გაწყდეს, მან ვადა უკვე ამოწურა და მთლიანი სისტემა იცვლება.

მერიამ დააანონსა, რომ დაგეგმილია მეტროს გაყვანა დიღომში, მცხეთასა და რუსთავში, როდისთვის იწყება ამ საკითხზე მუშაობა?

– დედაქალაქს არ აქვს მთავარი, ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა. ქალაქის გენგეგმის მიღებისას, ერთერთ პუნქტში ჩაიწერა, რომ ტრასპორტის „მასტერპლანი“ უნდა გაკეთდეს. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის დოკუმენტია და რეალურად, დედაქალაქისთვის 15-წლიან პერსპექტივაშია გათვლილი. წელიწადნახევარში დეტალურად  გვეცოდინება 15 წლის განმავლობაში რა სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

მეტროს ხაზის გაყვანის გეგმაში, დიღომი პირველია. ასევეა რუსთავი და მცხეთა. ანუ საუბარია ისეთი ადგილებზე, რომლებიც დედაქალაქზე ახდენენ ზეგავლენას. ამდენი ტრანსპორტი რომ შემოდის და ქმნის პრობლემას, ამის გასანეიტრალებლად ყველაზე კარგი გამოსავალი მეტროა, რაც ჩაანაცვლებს ძალიან ბევრ მიკროავტობუსს. მთავარია იცოდე სწორად, სადაა საჭირო მეტროს გაყვანა, რათა არ მოხდეს შეცდომა, რისთვისაც საჭიროა კვლევა, გამოკითხვა, მარშრუტის შესწავლა. „სისტრამ“ ავტობუსების ნაწილში შეისწავლა და მივიდა გარკვეულ დასკვნებამდე. შევადარეთ ჩვენთან შემოსული მოთხოვნები და მიღებული დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ.

იგეგმება თუ არა იმ ტერიტორიებზე ავტობუსების დანიშვნა, სადაც ჯერ არ შედის ეს ტრანსპორტი?

– ოქტომბრის  თვეში, სავარაუდოდ, დავამტკიცებთ ახალ მარშრუტებს და ახალი ვალდებულება გაჩნდება მიკროავტობუსებთანაც. ჩვენ უკვე ვიცით და მიკროავტობუსებმაც იციან, რომ თუ არ შესთავაზებენ მოსახლეობას ისეთ კომფორტს, როგორსაც ჩვენი ავტობუსები სთავაზობს, გაქრებიან ბაზრიდან. ისინიც მოდიან თანამშრომლობაზე და როგორც კი დასკვნას მივიღებთ, ძალიან სწრაფად გამოცვლიან ტრანსპორტს.

რა შეთანხმება შედგა მერიას და ტაქსის მძღოლებს შორის?

-A კატეგორია დარჩა. უნდა იყოს თეთრი, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის ტაქსი. მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან იყო მარჯვენასაჭიანების დატოვება. ჩვენ დაშვება გავაკეთეთ, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე, B კატეგორიაში იყავით, მარჯვენასაჭიანები, ეს მათთვის დიდი შვება იქნება. A კატეგორიაში შეღებვის გარდა, დაშვება გავაკეთეთ, რომ სტიკერის გადაკვრის საშუალებაც მისცემოდათ მძღოლებს.

აღნიშნული რეფორმაც უნდა იყოს წარმატებული იმიტომ, რომ ტრანსპორტის სისტემაა და მოუწესრიგებლობას მოსახლეობა არ გვაპატიებს.

აქამდე ხალხმა არ იცოდა ვინ ემსახურებოდა. ჩვენ დიდი ეტაპები გავიარეთ ტაქსებთან დაკავშირებით, ადამიანებს მივეცით საშუალება, იდენტიფიცირება მოახდინონ ვინ ემსახურება. მოქალაქეს შეუძლია ჩაიწეროს მისი მონაცემი, თუ ვინ მოემსახურა, კარგად მოემსახურა თუ ცუდად. ხშირად ყოფილა, რომ დაურეკავთ ჩვენთან და ვერ ვაგნებდით დაკარგულ ნივთს, იმიტომ, რომ არანაირი ხელმოსაჭიდი ინფორმაცია არ გვქონდა. ახლა უკვე ეს პრობლემაც მოგვარდება. მოსახლეობამ უნდა მიიღოს სუფთა ტაქსი, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება.

თამთა ქარქაშაძე

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....