დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის კანცელარიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.
საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად, საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. ბესელიას თქმით, მოსამართლეთა უვადო არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანით და ეს უნდა შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც.
საინიციატიცო ჯგუფი სულ 10 ადამინისგან შედგება, მათ შორის არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და აგრეთვე, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი.
„დეპუტატების საინიციატივო ჯგუფის სახელით ვაინიცირებთ და ვიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტს, რათა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით. ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი დღეს არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, გვჭირდება 200 000 ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერა. ახლა ეს განცხადება პროცედურას გაივლის, დაველოდებით ოფიციალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ხელმოწერას, რომლითაც უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უვადოდ უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ ამ ხელმოწერებს. ამ კონსტიტუციური ცვლილების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით იმ ძალიან მტკივნეულ პრობლემას, რომელიც ახლა უკავშირდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ძალიან საზიანო პროცესს. ვიდრე გარანტიები არ შეიქმნება, რომ ქვეყანა მზად არის მოსამართლეთა უვადოდ არჩევისთვის, მანამდე ჩვენ კონსტიტუციური ჩანაწერი უვადოდ არჩევის თაობაზე უნდა შევცვალოთ ვადიანით და ეს უნდა შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც. როცა მზად იქნება ქვეყანა ამისთვის, შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.