განათლების მიმართულებით ბიუჯეტის განაწილების შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წლისთვის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით დაიხარჯება, მიხეილ ბატიაშვილმა ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარზე – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყნის განათლების სისტემის რამდენიმე წარმატებული მაგალითიც დაასახელა, მათ შორის ევროპის ქვეყნების მიერ ქართული დიპლომების აღიარება.
„მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება და შეეხება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, როგორიც არის სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება და პედაგოგების პირობების გაუმჯობესება. 2022 წლისთვის ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი დაიხარჯება განათლების მიმართულებით, რომელიც გარდამტეხი იქნება საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ყველა იმ პრობლემის გადალახვაზე საუბარი, რომელიც არის თითოეულ სკოლაში, თითოეულ პედაგოგთან, თითოეულ კლასში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.