ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

გიორხელიძე ლარის კურსის ვარდნაზე – ეს არის ცუდი მართვის შედეგი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ  ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში არ ასრულებს, ეს ფულადი პოლიტიკა კი გაუმართლებელია.

“ერთი კონკრეტული მიზეზი თუ რა მოთხოვნა გაჩნდა უცხოურ ვალუტაზე, რამაც ზრდა განაპირობა უცნობია. ის ფუნდამენტალური პრობლემები, რაც ქართულ ეკონომიკასა და ლარს გააჩნია გადაწყვეტილი არაა. ლარი ძალიან ცოტაა ისედაც მწირ ეკონომიკასთან შედარებით – სულ რაღაც 15 მილიარდ დოლარამდე. ამიტომ, როგორც კი ოდნავ მოთხოვნის თამაში იწყება ან რაიმე დაგეგმითი ოპერაცია სრულდება, ყოველთვის ასეთი მოძრაობა გააჩნია ლარს. ეს არის ცუდი მართვის შედეგი, რადგან უაზრო არაპროფესიული განცხადებები, რომ ბაზარი თვითონ არეგულირებს, უდიდესი შეცდომაა.

ლარის კურსის წარმოქმნის მექანიზმი აბსოლუტარ მიუღებელია, როდესაც 2-3 ბანკის სავალუტო ოპერაციებზეა დამოკიდებული. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში არ ასრულებს, ეს ფულადი პოლიტიკა გაუმართლებელია. ამას ემატება ის, რომ არც საბიუჯეტო და არც საგადასახადო პოლიტიკა ორიენტირებული არ არის ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე. ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოველი მოძრაობისას იხდიან ფულს. ყველა მოძრაობა არის ზედმეტი ფულის გადახდა. ეს შესანიშნავი საშუალებაა ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელთაც ამ ოპერაციაზე ხელი მიუწვდებათ, არაფრისგან სერიოზული ფული აკეთოს”, – აცხადებს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი, 8 მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7248 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7083 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0165-ით გაუფასურდა.

იტვირთბა....