ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინა არ ცნობს რუსულ პასპორტებს დონბასში და მათ მფლობელებს პენსიას მოუხსნის

უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო უკანონოდ ცნოს რუსული პასპორტები, რომლებიც დონბასში უკრაინის მოქალაქეებზე გაიცემა. ამის შესახებ კიევს არდაქვემდებარებული არაკონტროლირებადი დონბასის ტერიტორიების საკითხთა მინისრტმა ვადიმ ჩერნიშმა სააგენტო “ტასსთან” საუბარში განაცხადა.

“ეს გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. ამ მიმართულებით გაცემული ყველა დოკუმენტი იქნება ავტომატურად არაკანონიერი. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათაც მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება” – განაცხადა ჩერნიშმა.

მისი თქმით, უკვე გამოვლენილი არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები არაკანონიერ მოქმედებებში, რომელთა მიმართაც აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი სანქციების გაცემა.

უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა ირინა ფრიზმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიულ აქტზე, რომლის მიხედვითაც იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მიიღებენ რუსულ პასპორტებს არ გაიცეს არანაირი სოციალური დახმარებები და პენსიები.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი რუსული პასპორტების უკრაინელებზე გაცემის პროცესს აღიქვამს, როგორც საერთაშორისო ნორმების დარღვევას, მიმართულს უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თუმცა, რუსული საინფორმაციო საშუალებები ციტირებენ ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის უფროსის, დმიტრი პესკოვის სიტყვებს, რომ რუსული მხარე გააგრძელებს რუსული პასპორტების გაცემის პროცედურას დონბასის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, კრემლის ინიციატივით, გადაწყდა, რომ დონბასში გაიხსნას სპეციალური პუნქტები, საიდანაც უკრაინის მოქალაქეებზე რუსული პასპორტების გაცემა მოხდება. აღნიშნული ინიციატივა ოფიციალური კიევის მიერ შეფასდა, როგორც უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, რათა მოსკოვმა გაამართლოს საკუთარი ქმედება უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. უკრაინის პრესა კი მიმდინარე პროცესს აფასებს, როგორც აფხაზეთის სცენარს, სადაც თავის დროზე კრემლმა ანალოგიური მოქმედებები განახორციელა.

იტვირთბა....