პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა.
წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
საკითხი მესამე მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, ცვლილებები მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ წარადგინა. კანონპროექტს მხარი 96 დეპუტატმა დაუჭირა.
„საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად, ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.