ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა პოლიციის განყოფილება დატოვა

ე.წ. მეფემ პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა. გრუზინსკებისა და მუხრანელების დავა ამჯერად ოჯახური ძალადობის ეპიზოდით გრძელდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დღეს გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

გამოძიებას სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან კითხვები, ყოფილ მეუღლეზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ჰქონდა.

გამომძიებლების შეკითხვებს მეფე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი პასუხობდა, რომელსაც ყოფილი მეუღლე, დედოფალი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ძალადობაში ადანაშაულებდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ მუხრანელმა, გამოძიების ყველა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

„მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაცია. უახლოეს თვეებში მოლოდინი გვაქვს, რომ დასრულდება და გამოძიებავე დაადასტურებს, ექსპერტიზის დასკვნის გაანალიზებით, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე. გაურკვეველია პირველი, ექსპერტიზას რატომ მიმართა 5 დღის შემდეგ, გაურკვეველია, ექსპერტიზის დასკვნა რატომ გახდა საჯარო 5 წლის შემდეგ, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი არ გახლავთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე, შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ნებისმიერ პირს, შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დროს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და განაცხადოს, რომ ოდესღაც ის ვიღაცამ დააზიანა“ – აცხადებს ლევან მახარაშვილი.

თავად დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, პოლიციის განყოფილება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვებს არ უპასუხა.

შეგასენებთ, რომ გამოძიება ძალადობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შესაძლო ფაქტზეა დაწყებული. გამოძიების ფარგლებში დაკითხულია თავად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, ასევე ჩვენება მისცა ოჯახის დამხმარე ქალმა, ასევე მძღოლმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

იტვირთბა....