ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“სტამბოლში არჩევნების შედეგების გაუქმება დემოკრატიას გააძლიერებს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში მერის არჩევნების შედეგების გაუქმება დემოკრატიას გააძლიერებს.

მისი თქმით, სტამბოლში არჩევნებს თან ახლდა „ორგანიზებული კორუფცია“ და უამრავი დარღვევა.

„ცხადი გახდა, რომ კონკრეტული ადამიანები ბინძური ხელებით ჩაერთვნენ არჩევნებში და ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიეს ამ შედეგს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სტამბოლის მერის არჩევნების დროს საქმე გვქონდა ორგანიზებულ კორუფციასთან, უკანონობასა და დარღვევებთან“, – განაცხადა ერდოღანმა.

პარლამენტში გამოსვლისას ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა ის ბიზნესმენები და მეწარმეები, რომლებმაც სტამბოლში არჩევნების შედეგები გაუქმება უარყოფითად შეაფასეს.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი ბიზნესმენი უცნაურ განცხადებებს აკეთებს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო. თუ თქვენ საუბრობთ ნორმალიზაციაზე, ეს არ გამოიწვევს ნორმალიზაციას. ასეთი განცხადებები ანომალიას გამოიწვევს. თქვენ არასწორად იქცევით. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ 6 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. 31 მარტს გამართული კენჭისყრის შედეგად სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატმა ეკმარ იმამოღლუმ გაიმარჯვა. ხელახალი არჩევნები თურქეთში 23 ივნისს დაინიშნა. ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მათი კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

იტვირთბა....