„ჩვენ არ ვაპირებთ, თამაშში ავყვეთ სისტემას“ , – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ აუდიტის სამსახურის სარჩელზე საუბრისას „მეტრონომს“ განუცხადა.
როგორც ხვიჩია აცხადებს, „გირჩი“ სასამართლოში ნებით არ მივა.
„სასამართლოდან დამირეკეს, აუდიტის სამსახური გიჩივითო, სარჩელი ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ როგორც გვითხრეს, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ ვაბარებთ აუდიტის სამსახურში დეკლარაციებს, მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახურმა არ შეიმჩნია ბიძინა ივანიშვილის მიერ ამომრჩევლების ფატალურად მოსყიდვის ფაქტი და ჩათვალა, რომ ეს მას საერთოდ არ ეხებოდა. აუდიტის სამსახური არაფერს აკეთებს იმ ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც შეიქმნა, მაგალითად: საპატრიარქოს შემოწმება, სახელისუფლებო ძალების მიერ საარჩევნო ფულის კონტროლი, თუმცა ოპოზიციურ პარტიებს სთხოვს, წარმოადგინონ იდიოტური დოკუმენტაცია, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია და უბრალოდ, ადამიანების წვალებისთვის არის განკუთვნილი, მგონია, რომ ეს არის აბსურდი და შეურაცხმყოფელი, ამიტომაც, ჩავთვალეთ, რომ არ შევასრულებდით“, – განმარტავს ხვიჩია.
რაც შეეხება შეკითხვას, რას აპირებენ „გირჩში“ თუ საქმე სასამართლომდე მივა, ის გვპასუხობს, რომ „მურუსიძის სასამართლოში“ არ მივლენ.
„ჩვენ არ ვაპირებთ, სისტემას ავყვეთ თამაშში, არ მივალთ მურუსიძის სასამართლოში ნებით, დაგვაჯარიმონ…
“ნებისმიერი ასეთი ქმედება, რომელსაც აუდიტის სამსახური და სასამართლო განახორციელებს, აჩვენებს უსამართლობას, რომელიც დამკვიდრებულია ქვეყანაში, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, ღიად მოისყიდოს ამომრჩეველი და ეს დაადასტუროს ყველამ ამ ქვეყანაში, ვისაც ჭკუა მოეკითხება, საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით და მეორე მხრივ, უჩივლო პარტიას რომელმაც საბუთები არ წარმოადგინა, იმის შესახებ თუ რამდენი ფული ჩაერიცხა ანგარიშზე, ეს ისედაც ცნობილია და ყველას შეუძლია გაიგოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.