ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა, რომელიც 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოხდა” – ციხელაშვილი

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობასთან შეხვედრა ქეთევან ციხელაშვმა უკვე დაასრულა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრა იყო კონსტრუქციული და არსებობს თანხვედრი მზაობა ხელისუფლებისა და ადგილობრივების მხრიდან დიალოგის გაგრძელებაზე.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომუნიკაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია. აბსოლუტურად დაუშვებელია ძალადობა ან ისეთი ეპიზოდი, რომელიც მოხდა 21 აპრილს ხეობაში. ამაზე არსებობს საერთო შეთანხმება” – აღნიშნა ციხელაშვილმა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ დააყენა საკითხი, რომ არ უნდა მოხდეს 21 აპრილის მოვლენებში მონაწილე პანკისელების დაკავება.

“სახელმწიფოს თვითმიზანი დასჯა არ არის. არსებობს კანონი. მიმდინარეობს პროცესი. სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ მტკიცებით განცხადებებს. მე შემიძლია მხოლოდ განწყობის თაობაზე მოგახსენოთ. ზოგადად ის, რომ ჩვენ არავინ არ უნდა დავარღვიოთ კანონი, კანონი არის იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე დაიცვას და კანონი არ არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში ვინმეს წინააღმდეგ, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ვფიქრობ, რომ ამაზე მოსახლეობასთან თანხვედრი ხედვები გვქონდა” – განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ჰესების მშენებლობის თემას, ციხელაშვილმა ამ კონტექსტში მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაგრძელებაზე და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებაზე ისაუბრა.

“მე არ ვარ იმისთვის აქ ჩამოსული რომ ვამტკიცო, რომ აშენდება ან არ აშენდება”, – დასძინა ციხელაშვილმა.

შეხვედრას სოფელ ჯოყოლოში 50-მდე პანკისელი ესწრებოდა.

იტვირთბა....