საგანგბო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ლაგოდეხში იმყოფებიან. სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობას უკვე შეუდგა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.
უწყბის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი და მეთვალყურეობას პირადად უწევდა მიმდინარე სამუშაოებს.
შეგახსენებთ, 5 მაისს, ღამით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
“ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება წყლის დონის კლება მდინარეების კალაპოტებში. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწია. ადგილზე ვითარება სტაბილურია”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.