ბატონო რომან, ერთი კრიზისი გამახსენეთ თქვენი ხელისუფლების საქმიანობიდან, რომელიც ნორმალურად მოაგვარეთ, სადაც თქვენი მინისტრი ჩასული იყო და ხალხს ელაპარაკებოდა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე.
„მინდა ბატონ რომან გოცირიძეს გამოვეხმაურო. მან კრიზისების მოგვარება დაუწუნა მინისტრ გახარიას. მაჩვენეთ ერთი მოგვარებული კრიზისი თქვენი ხელისუფლების პირობებში და მერე გექნებათ უფლება, ვინმეს დაუწუნოთ კრიზისების მართვა. რაც შეეხება მინისტრ გახარიას და სამინისტროს. პანკისის საპოლიციო მოქმედებები იყო ზუსტად დაცვაზე ორიენტირებული საპოლიციო მოქმედება. თავიდანვე ამ მოქმედების ამოცანა იყო, რომ მოქალაქეები ერთ მხარეს და მეორე მხარეს დაეცვათ ფიზიკური ძალადობისგან და ეს ამოცანა პოლიციამ შეასრულა. ამიტომ, კრიზისების მოგვარებაზე როცა საუბრობთ, თქვენ ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება, რომ ვინმეს დაუწუნოთ კრიზისების მართვა, მითუმეტეს, ადამიანს რომელიც ყველა რთულ სიტუაციაში არის იქ, სადაც სალაპარაკოა ხალხთან, თქვენი მინისტრებისგან განსხვავებით, რომლებიც დაჯავშნული მანქანებიდან ადევნებდნენ თვალს ასეთ ოპერაციებს და თქვენი კრიზისების მოგვარება როგორ მთავრდებოდა, ესეც კარგად გვახსოვს“,- განაცხადა თალაკვაძემ.