fbpx
ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

საით მიდის პრეზიდენტ ზურაბიშვილის „სტრატეგია“ (ბლოგი)

ძალიან მინდა, საქართველოს პრეზიდენტის პერსონას ისევე ვცემდე პატივს, როგორც ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ წუთამდე ვცდილობ ყველა მის განცხადებას გამართლება ვუპოვნო, თუმცა ძალიან მიჭირს…

მიჭირდა მაშინაც, როცა ქალბატონმა ზურაბიშვილმა საკუთარ წიგნში ჩაწერა, თუ რა როლი ჰქონდა ქართულ მხარეს რუსეთთან, აგვისტოს ცნობილი ომის დროს, რაც წინასაარჩევნო პერიოდშიც რამდენჯერმე გაიმეორა. მერე ის პრეზიდენტად ავირჩიეთ. შინაგანად ვგრძნობდი, რომ შეცდომა იქნებოდა მისი გაპრეზიდენტება. მე არ ვეხები მას როგორც პიროვნებას, საუბარი მაქვს მასზე, როგორც მთავარსარდალზე, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი სოლიდური ინსტიტუციის სახეზე.

ზურაბიშვილმა არასწორად დაიწყო. ნაკლები აქცენტი მინდა გავაკეთო ტრამპის ტვიტერ-პოსტის გადაზიარების თემაზე, რადგან უფრო მეტად საგანგაშო ის განცხადებაა, რაც რეტვიტის გადაფარვისთვის გაკეთდა. უფრო დიდი ტრავმაა ქვეყნისთვის, როცა ქვეყნის სახე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელსაც ზარ-ზეიმით იტაცებს ქვეყნის მტერი, მეზობელი ქვეყანა. გული მეტკინა, როცა რუსულ მედიასაშუალებებს გადავხედე და ლამის ტოპ-ნიუსად არის ქცეული ზურაბიშვილის ფრაზა აშშ-ს სამხედრო ბაზებთან დაკავშირებულ თემაზე. პირადად მე, ეს მისი ნარატივი კრემლის მიერ თავის დროზე დაანონსებულ ნეიტრალიტეტის იდეის გაგრძელება მგონია, რომელიც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის. ეს იმ მელას ჩურჩულს ჰგავს, საქათმეში შეპარული ქათმებს რომ ეკურკულება და სამწუხაროდ, ცბიერ მელას ჩვენვე ვუწყობთ ხელს, იღლიაში ამოიდოს ნადავლი და ტყისკენ გააქანოს.

ისევ იქ ვარ, რომ გამართლება ვუპოვნო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ არჩეულ „სტრატეგიას“. იქნებ მას ჩაფიქრებული აქვს ისეთი რამ, რაც საბოლოოდ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებოდა?!

ყველას კარგად გვახსოვს რითი ამაყობს დღემდე სალომე ზურაბიშვილი და მისი ამალა. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, ერთადერთი ხელმოსაკიდი სლოგანი რაც მას ჰქონდა, იყო რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანის თემა. ასეა თუ ისე, იმ დროს, ვინც არ უნდა ყოფილიყო რეალური ინიციატორი, ზურაბიშვილი მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ჯარების გაყვანის კეთილშობილი პროცესი მას რაღაც დოზით მიეწერა. ეჭვი მაქვს, ამ „გარღვევით“ შეგულიანებული დღესაც ცდილობს კრემლის ლიდერების მოფერებით რუსეთთან ურთიერთობის ახალი, სუფთა ფურცელი იპოვნოს, რითაც მის პერსონას, როგორც „საგარეო პოლიტიკის შემოქმედს“ კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი.

ეს საშიში თამაშია. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის რამდენიმე საელჩოა, მაშინ როცა კრემლმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, ოკუპანტთან ფლირტი და მითუმეტეს ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრის დაწყებაც კი დენთის კასრზე ჯდომას ჰგავს. მითუმეტეს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებისას სამხედრო ბაზების განლაგების საკითხი სერიოზული განხილვის საგანი არასოდეს ყოფილა. მაშინ, რას ემსახურება საზოგადოებაში ცრუ მოლოდინებით გაჟღენთილი მსგავსი ინიციატივის წინა პლანზე წამოწევა? მოსახლეობაში უნდობლობის გაჩენას ხომ არა? ვის აწყობს ეს?

იმედი მაქვს, „მეტრონომის“ ჟურნალისტებს თუ არა, ჩვენს სხვა კოლეგებს ახლო მომავალში, მოგვეცემა შესაძლებლობა ერთი კითხვა დავუსვათ პრეზიდენტს – როგორ უყურებს ის რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თემას და როგორია პრეზიდენტის სტრატეგია ამ მიმართულებით? პასუხის მეშინია. თუმცა, ბოლომდე მჯერა ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის, რომელიც საბედნიეროდ, დღეს ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობს.

ჯერჯერობით არავინ არაფერს საუბრობს, მაგრამ ვეჭვობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაში „ახალი გარღვევის“ სურვილით შეპყრობილი ამ ინიციატივის გამხმოვანებლად მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, დღევანდელი ყველა მისი ნაბიჯი და ნარატივი ამ მიმართულებით ვითარდებოდეს და საბოლოოდ, რუსულ წისქვილზე წყლის დასხმას ემსახურებოდეს.

იმედი მაქვს, კრემლთან ეს ფარული თუ საგრძნობი პოლიტიკური ფლირტი არ მოიტანს ინიციატივას, მტერთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების თემა წინა პლანზე წამოიწიოს, რითაც, ღრმად მწამს, დაიწყება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური თვითლიკვიდაციის პროცესი. მითუმეტეს, პრეზიდენტის სასახლიდან „მეტეორების წვიმას“ უკვე გვაჩვევენ და არ მინდა დადგეს ისეთი დღე, მორიგი მეტეორი საზოგადოებამ ჩვეულებრივ მიიღოს.

გენო ჯოხიძე

სხვა ამბები

აირჩიე შენი დეპუტატი! – „მეტრონომის“ ონლაინ-გამოკითხვა

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი “მოსიარულე მკვდრების” პროდუსერს შეხვდა

newsadmin

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს 

newsadmin

რა შემთხვევაშია შესაძლებელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება – ვახტანგ ხმალაძის განმარტება

newsadmin

19 სექტემბრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin

“ვიღაცამ იჩალიჩა… ძებნილის შეწყალებაზე შანსია, საქმე გვქონდეს კორუფციასთან”

newsadmin
იტვირთბა....