ახალი ამბები ვიდეო ვიდეობლოგი მთავარი საზოგადოება

არ შეიძლება შრომის საბაზრო პროდუქტად აღქმა – ბექა ნაცვლიშვილის ვიდეობლოგი „მეტრონომზე“

„დღეს არსებული მძიმე შრომითი პირობების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ არ გვაქვს გათვითცნობიერებული დოვლათის შექმნაში მშრომელის მნიშვნელობა“, – ამის შესახებ დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა „მეტრონომის“ვიდეობლოგში განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, მშრომელი ისევე იღებს დოვლათის შექმნაში მონაწილეობას, როგორც მისი დამსაქმებელი, აქედან გამომდინარე, თუ ამას გავიგებთ, დავრწმუნდებით, რომ მშრომელთა უფლებები უნდა იყოს დაცული.

„ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი და ნიჭი, რომელთა საფუძველზეც, ის შედის ურთიერთობაში სამყაროსთან და მის ფორმირებას ახდენს, ეს არის სწორედ შრომის პროცესი – ადამიანის ნიჭი გადმოდინდება შრომაში და არ შეიძლება ამ პროცესის დათრგუნვა, შრომის საბაზრო პროდუქტად აღქმა. დღეს, ჩვენ აღვიქვამთ შრომას, როგორც საბაზრო პროდუქტს. მშრომელებმა ბრძოლით მოიპოვეს ის უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ შრომას. საქართველოში, განსაკუთრებით 2003 წლიდან, როცა გატარდა ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები, აბსოლუტურად უგულებელყვეს მშრომელთა უფლებები და მდგომარეობა, სწორედ მაშინ, ყველაზე რადიკალური ფორმით მოხდა მშრომელის და შრომის, როგორც საბაზრო პროდუქტის წარმოჩენა და შესაბამისად, ბაზარზე გატანა. შრომის კოდექსი გაუქმდა და 5 ფრაზაზე დაიყვანეს, შრომის ინსპექცია გაუქმდა, მაშინ როცა ეს 2 მექანიზმი არის საფუძველი იმისა, რომ მშრომელებმა დაიცვან თავიანთი უფლებები“, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღევანდელი რეფორმები არა საჭიროებების მიხედვით, არამედ ევროკავშირის მოთხოვნების გამო ტარდება.

„დღევანდელი რეფორმები, სამწუხაროდ, ტარდება არა იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში დგას, არამედ, ძირითადად, ეფუძნება ევროკავშირის მოთხოვნებს და ამ რეფორმებს ვახორციელებთ ისე, როგორც კოლონიები, როდესაც ცენტრი მათ კარნახობდა რეფორმებს. გატარებული რეფორმები არაა გააზრებული და არ პასუხობს მშრომელთა პრობლემებსა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებს. შრომის ინსპექციის გავრცელება მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და ისიც, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, იყო არასწორი და გაუაზრებელი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ესეც მონაპოვარია და კიდევ ერთხელ, შეიძლება, მადლობა ვუთხრათ ევროკავშირს იმიტომ, რომ მის გარეშე ზეწოლის განხორციელება ხელისუფლებაზე ძნელი იქნებოდა, მაგრამ ისევ და ისევ, უნდა ამოვიდეთ ჩვენი საჭიროებიდან და არა ევროკავშირის მოთხოვნებიდან“- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

იხილეთ სხვა ვიდეობლოგები

იტვირთბა....