ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ მგონია, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული იყოს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ვაშინგტონში არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, რადგან უკრაინის შემთხვევაში არის ასეთი წარმომადგენელი.

„ყველა მხრივ ჩვენი ინტერესი და მიმართულება უნდა იყოს ის, რომ არ შეიძლება უკრაინის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და აქაური კონფლიქტის საკითხმა გადაიწიოს მეორე ადგილზე. ამიტომ ვსაუბრობ ამდენს ჟენევაზე. ამის ტენდენცია არსებობდა და ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და სხვებსაც, რომ უკრაინა არის ძალიან სერიოზული საკითხი, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა საკითხმა გადაიწიოს უკანა პლანზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, „არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი“, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „აბა სხვა ვინ?“.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე.

„ამას უკვე ვხედავთ შავ ზღვაში ამერიკის საზღვაო ძალების გემების რაოდენობის გაზრდით. მიმაჩნია, რომ შავი ზღვა ამერიკის სტრატეგიულ ხედვაშ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.ჩვენ შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ვართ, მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ნატოს პარტნიორები რუმინეთი და ბულგარეთი არიან. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ შავი ზღვა ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უფრო მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გახდეს. სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად ეს ერთ-ერთი გზაა. და რა თქმა უნდა, პირდაპირი სამხედრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან იმისთვის, რომ მეტად მოვემზადოთ თავდაცვის სფეროში. ვფიქრობ, საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს და ის აღიარებული სანდო პარტნიორია.​

ვფიქრობ, უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტის საკეთებლად ყოველთვის მზად არიან, ვფიქრობ ჩვენ მეტის მიღება შეგვიძლია დამატებით პირდაპირი თანამშრომლობით და არა მხოლოდ ნატო-სთან. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატო-სთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, ან ეს შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობაც იყოს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხოლო კითხვას, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.

იტვირთბა....