ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, პირველ მაისს, 12:00 საათზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმდა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი შეიქმნა. ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შექმნა.

იტვირთბა....