28 წელია, ქართული შეიარაღებული ძალები არსებობს და ეს 28 წელი აღსავსე იყო გამოწვევებით საქართველოსთვის. თქვენ ყველაზე დიდი წვლილი შეგაქვთ საქართველოს წარმატებაში იმ გზაზე, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მონაწილე სამხედროებს, რომლებსაც თავდაცვის ძალების დღე მიულოცა.
მამუკა ბახტაძემ პატივით გაიხსენა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცები.
„ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, მის თავისუფლებასა და ღირსებას, მათი ხსოვნა უკვდავია. მე ქედს ვიხრი მათი და მათი ოჯახების წინაშე და პატივს მივაგებ მათ სახელებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვაზიანის მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადაში სტუმრობისას მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.