ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სუხიშვილები, სირცხვილია”! –  მოქალაქეების ნაწილი ანსამბლს მოუწოდებს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვას

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი “სუხიშვილებს” მოუწოდებს, უარი თქვას 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობაზე!

როგორც ისინი აღნიშნავენ, “სუხიშვილებმა” კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმით უნდა გადაარჩინოს საკუთარი რეპუტაცია:

“17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!! ამ დღის აღნიშვნას ლგბტქ ადამიანები 2012 წლიდან ცდილობენ. 2012 წლისა და 2013 წლის 17 მაისების საზარელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ საპატრიარქომ ამ დღეს “ოჯახის სიწმინდის დღე” დაარსა და ამ გზით წლებია 17 მაისს ლგბტქ ადამიანები განდევნილები არიან საჯარო სივრციდან და ვერ იყენებენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

უკვე მეხუთე წელია საპატრიარქო მოპარული დღის აღნიშვნას აგრძელებს და ყველა, ვინც ამ დღის ლეგიტიმაციას ახდენს, პირდაპირ მონაწილეობს სიძულვილის გავრცელებაში და ახალისებს ძალადობას!

მოვუწოდებთ სუხიშვილებს, უარი თქვან ამ სამარცხვინო ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამით გადაარჩინონ საკუთარი რეპუტაცია!

გააზიარეთ ეს ივენთი და გამოიყენეთ ჰეშთეგები:  #ნუიქნებიგრინჩი #არმოიპარო #17მაისი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „სუხიშვილების“ ცხელ ხაზზე განმარტავენ, ანსამბლის დირექცია საქართველოში არ იმყოფება და მათ ჩამოსვლამდე აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ.

იტვირთბა....