უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
მოისწრაფიშვილის თქმით, კიბერშეტევა ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალური ქსელის გვერდზეც განახორციელეს.
„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე 29 აპრილს გააზიარა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტი, რომელშიც ტრამპი წერდა:
„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში”…
მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით გააზიარა პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან.