აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ნათია კაპანაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია აჭარის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას ხდის სადაოს, რომლითაც ნათია კაპანაძეს დირექტორის პოსტზე უნდობლობა გამოუცხადეს.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მედიასაშუალების ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა 19 აპრილს გაიმართა, 5 წევრიანი საბჭოს 4-მა წევრმა ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. დაინტერესებული მოქალაქეების ნაწილი გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდა. მედია სექტორში მომუშავე ორგანიზაციებმა კი, უარყოფითად შეაფასეს პროცესი. მიიჩნიეს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენებით იყო ნაკარნახევი.
დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი, 11 აპრილს, საბჭოს ორმა წევრმა დააყენა. იმპიჩმენტს მიზეზად კი 17 პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინეს. დოკუმენტში, სხვა პრეტენზიებთან ერთად, ყოფილ დირექტორს პრიორიტეტების შეუსრულებლობაში, საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელ, სხვა მუხლით ხარჯვაში, სასამართლო დავების წაგებაში, დისკრიმინაციული და უსამართლო ანაზღაურების სისტემის შექმნაში ადანაშაულებდნენ.
ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ არც ერთი ბრალდება, რაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი გახდა, არ იყო დასაბუთებული და საბჭოს წევრებს არასაკმარისად ჰქონდათ შესწავლილი საკითხები.
ამასთან, სადაოს ხდიან საბჭოს წევრების ბრალდებებს საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელ ან არასწორად განკარგვის ნაწილში და არგუმენტად, ბოლო სამი წლის აუდიტის დასკვნებს იშველიებენ, სადაც არ არის დაფიქსირებული დარღვევები და შეფასებები დადებითია. ასევე საია ამბობს, რომ დაირღვა კენჭისყრის ჩატარების წესი, რადგან ღია კენჭისყრის ნაცვლად, დახურული ჩატარდა.
საია სასამართლოსგან მოითხოვს, რომ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნას ცნობილი. ნათია კაპანაძე აღდგეს თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი გაუქმდეს.
მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი 25 აპრილს გამოაცხადა.ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებლის დირექტორად აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა