ვიდეოჯარიმების დროს სახელმწიფო ვერ ახდენს საჭესთან მჯდომი პირის იდენტიფიცირებას, ამიტომაც დაჯარიმდება ის, ვის სახელზეც ავტომანქანაა გაფორმებული.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.
„ვიდეოკამერებით დღეს ვერ ვახდენთ უშუალოდ იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც საჭესთან ზის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სანქციას იყენებს ე.წ. დანაშაულის პრეზუმპციის მცნების შესაბამისად. იმის გამო, რომ ვერ ახდენს პირის იდენტიფიცირებას, სახელმწიფო თვლის, რომ მესაკუთრემ ჩაიდინა სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს არ აქვს მართვის უფლება, სახეზეა ორი სამართალდარღვევა. ერთი სამართალდარღვევა არის სიჩქარის გადაჭარბება, მეორე კი მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა. ამ შემთხვევაში მართვის უფლების გარეშე მართვა უფრო მეტ სანქციას ითვალისწინებს. ორი სამართალდარღვევის შემთხვევაში კი სახელმწიფო ვალდებულია აირჩიოს ის სამართალდარღვევა, რომელზეც სანქცია მეტია. შესაბამისად, მესაკუთრეს ამ შემთხვევაში ნომინალურად უფრო მეტი ფულადი სანქცია დაეკისრება, ვიდრე სიჩქარის გადაჭარბება ითვალისწინებს, ქულები კი თავის თავად ვერ ჩამოაკლდება, რადგან მართვის მოწმობა არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ასეთ ადამიანს ექნება იმის მოტივაცია, რომ წარადგინოს ის პირი, ვინც იჯდა საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებისას”, – განაცხადა ლილუაშვილმა.