თბილისის მერია დედაქალაქში სამი მიმართულებით, ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ განიხილება საბაგირო ტრანსპორტის „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით განვითარება.
თბილისის მერის თქმით, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება.
„საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება – „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს.
„პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება, რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის და უკვე ხუთი თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. საბაგირო გზები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.