საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უსმენენ, მინისტრსა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ გიგა ბოკერიას შორის მცირე კამათი მოხდა.
როდესაც მინისტრი საბანკო რეგულაციების შესახებ მასსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის განსხვავებულ ხედვებზე საუბრობდა, სწორედ მაშინ შედგა მასსა და ბოკერია შორის დიალოგი.
„ძირითადად ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვაქვს აბსოლუტურად თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე, უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური და გეტყვით, პოპულარულ მარტივ ენაზე დაახლოებით რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, ყველა ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12:00-მდე დატოვეთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მინისტრს მიმართა: „ვიცოდი კიდეც, რომ თქვენ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალაქეები. ცუდი ანალოგია გამოგივიდათ“.
ფინანსთა მინისტრმა კი გიგა ბოკერიას უპასუხა: „არ გეკადრებათ, თუ ვინმეს ბავშვობად მიაჩნია რაღაც, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად ზრუნავს და უფრო მეტს ნერვიულობს, თუ ეს გინდათ, თუარა და „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები“.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრსბ ივანე მაჭავარიანს უსმენენ.