“ის სურათი რაც გვაქვს დღეს, საქართველოში საყურადღებოა, თუმცა არავითარ შემთხვევაში, საპანიკო და ეს არაა მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.
მინისტრის შეფასებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტყვიის წყაროების დადგენა და გაუვნებელყოფაა, რომელსაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს.
“ის სურათი რაც გვაქვს დღეს საქართველოში საყურადღებოა, თუმცა არავითარ შემთხვევაში საპანიკო და ეს არაა მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება. ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს ამ პროექტში, მათი ცალსახა შეფასებით ეს დაახლოებით ის მდგომარეობაა, რაც 80-იან წლებში აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში იყო. კვლევის შედეგებმა ცალსახად დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან და იმის ოჯახის წევრებთან, სადაც აღმოჩნდა ტყვიის მომეტებული რაოდენობა, განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რომელსაც გარემოს სინჯების აღება დაემატება. პოზიტიური ნაწილი ის გვაქვს, რომ იმ 16 ბავშვში, რომელსაც მეტად ჰქონდა მომატებული, მეორე ეტაპის კვლევები უკვე ჩავატარეთ. საბედნიეროდ, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და მეორე სტრატეგიული ამოცანა ამ ტყვიის წყაროს პოვნა, იდენტიფიკაცია და , შეძლებისდაგვარად, განეიტრალებაა, რომელსაც, მჯერა, რომ შევძლებთ”, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბავშვების 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მცირედით, 16%-ს კი მცირედზე მეტად აქვს მომატებული