ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საპენსიო სისტემიდან ამ ეტაპისთვის 2 900 მოქალაქე გავიდა” – საპენსიო სააგენტოს დირექტორი

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, რეფორმის იმპლემენტაციის დაწყებიდან 100 დღე გავიდა.

„რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენს სისტემაში უკვე 750 ათას ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. საპენსიო შენატანების მოცულობა გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 175 მილიონი ლარია. გასვლაზე მომართვიანობა არის, მაგრამ არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის, სისტემიდან გასულია 2 900 ადამიანი. ეს არის 750 ათასი მოქალაქიდან 2 900, ანუ 0,4 პროცენტი“, – განაცხადა სურგულაძემ.

მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე სააგენტოს მუშაობის შედეგებს წარადგენს.

„პროცესი ორ ეტაპად გაიყო. სააგენტოს მომზადების პერიოდი იყო პირველ იანვრამდე და სააგენტოს მუშაობის პერიოდი პირველი იანვრიდან დღემდე“, – აღნიშნა სურგულაძემ.

რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებაზე გამოცხადებულ კონკურსს, როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, ვაკანსიები გამოცხადებულია და ბოლო ვადა 25 აპრილია.

„კონკურსი ზეგ დასრულდება. აქტივობა მაღალია. ძალიან მაღალი დონის განცხადებებია მიღებული, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი არჩევანი გვექნება“, – განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო დანაზოგებიდან აკუმულირებული თანხების განთავსებაზე ოპოზიციის კრიტიკასთან დაკავშირებით კი, სურგულაძე ამბობს, რომ ყველაფერი გეგმისა და კანონის მიხედვით კეთდება.

„დეკემბერში ეს საბჭო ნამდვილად არ გვჭირდებოდა, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. დივერსიფიცირებული პორტფელის შესადგენად საჭიროა გარკვეული თანხის აკუმულირება. ეს თანხა ზუსტად იმ დროისთვის აკუმულირდება, როდესაც საბჭო გვეყოლება და საინვესტიციო საქმიანობას დავიწყებთ. ამასობაში, ვმუშაობთ რისკის კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, სტრუქტურა, რომელიც ამ საინვესტიციო საქმიანობას თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო თვე ნახევარში ამოქმედდება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

 

იტვირთბა....