“აჭარის ტელევიზიის დირექტორის გათავისუფლების ფაქტის გამო პატარა გამოძიებასავით ჩავატარე არსებული მასალების საფუძველზე. რის შემდეგაც გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
ნათია კაპანაძეს დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილი ჰქონდა დაახლოებით ექვსი თვე.
ამ ექვს თვეში არაფერი განსაკუთრებული პოლიტიკური მოვლენა საქართველოში არ ხდება. საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარია დარჩენილი. ზუგდიდის მერის და მთაწმინდის მაჟორიტარის არჩევნები კი ნამდვილად არა მგონია ის მიზეზი, რის გამოც ასე სასწრაფოდ შეიძლებოდა მოეშორებინათ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი.
თუ ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილო იყო ნათია კაპანაძით და მის ნაცვლად ოცნების აპოლოგეტი ერთგული კადრი ჭირდებოდათ, მაშინ ძაან მარტივად შეეძლოთ დაეცადათ ექვსი თვე და პროცედურების დაცვით დაენიშნათ რომელიმე ქოცი. არ გაუჭირდებოდათ ეს ამბავი და ამხელა აჟოიტაჟს, სრულიად ენჯეოების და ოპოზიციის პროტესტს თუ ამერიკის საელჩოს განცხადებასაც აცდებოდნენ. თანაც წმინდა იდეოლოგიურად ამ სკანდალური გადაწყვეტილებიდან ხელისუფლებამ ამ ექვსი თვის პერიოდში ვერაფერი მოიგო და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძეც თავისი ღირებულებითი პოზიციით დიდად არ განსხვავდება ნათია კაპანაძისგან
მეორეს მხრივ, შეუძლებელია სერიოზულად ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს იყო მართლაც თანამშრომელთა პროტესტი და სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა. რომელთა პოზიცია ორი კვირის წინ სულაც არ იყო ასე რადიკალური, უცებ შეცვალეს პოზიცია იმის გამო, რომ თურმე დირექტორი თანამშრომლებს ქელეხში არ ატანდა კამერებს. ისევე როგორც აშკარად ხელოვნური და ორგანიზებული იყო ოპერატორთა ერთდღიანი გაფიცვა ხელფასის მომატების მოთხოვნით, რომელიც შეწყდა დირექტორის გათვისუფლებიდან ნახევარ წუთში. მოკლედ, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მთელი ეს კამპანია აშკარად იყო ორგანიზებული ხელისუფლებიდან. ამის თაობაზე უბრალოდ არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, თუ ძალისძალად თავს არ გაისულელებ ადამიანი.
ისმის კითხვა: თუკი ერთი მხრივ ხელისუფლებას არაფერში ჭირდებოდა ნათია კაპანაძის მაინცდამაინც ახლა და ასეთი უხეში, მისთვისვე წამგებიანი ფორმით გათავისუფლება, და, თუკი მეორეს მხრივ ეჭვს არ იწვევს ის, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორი სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართული და აქტიური (მე ვიტყოდი ნამეტნავად აქტიური) ძალისხმევით გათავისუფლდა, რატომ წავიდა ხელისუფლება ასეთ ალოგიკურ ნაბიჯზე?
ამ კითხვაზე პასუხი, ჩემის მოკრძალებული აზრით შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: ვიღაც ძალიან გავლენიანი ძალიან გაბრაზდა ტელევიზიის დირექტორზე. იმდენად გაბრაზდა, რომ ახლავე მომაშორეთ ეგ ქალიო, ბრძანა და ამერიკის საელჩოს განცხადებაც კი (რომელიც გაფრთხილება უფრო იყო) ფეხებზე დაიკიდა.
და ამ გაბრაზების მიზეზი, მაღალის ალბათობით იყო რაღაც კონკრეტული ფაქტი. მე არ ვიცი რა – რეპორტაჟი, ინტერვიუ, სიუჟეტი, გიგანტური ხეების აუგად მოხსენიება თუ რამე ჭორად ყურში ნაჩურჩელები (“თქვენზე იმასთან ესე უთქვამს” და ა.შ.), მაგრამ აუცილებლად რაღაც ეგეთი და არა ზოგადად უკმაყოფილება. მე არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ უმაღლესი ხელძღვანელობა ზოგადადაც არ იქნებოდა ამ ტელევიზიის დირექტორის საქმიანობით აღფრთოვანებული, მაგრამ ასეთ ფორსირებულ რეჟიმში და ასეთი ნაჯახური მეთოდებით მისი მოხსნა, ვფიქრობ კონკრეტულ ფაქტზე გაბრაზებული ადამიანის რეაქცია უფროა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს ასეთი გავლენიანი პირი ხელისუფლებაში, რომლის გაბრაზებასაც მთელი სახელმწიფო სტრუქტურების და სუსი-მუსი-გამპრავებლების არმიის ამოქმედება მოჰყვება ხოლმე, მე მგონი არ გაგიჭირდებათ მიხვედრა”
“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
კაპანაძე საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.