ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, “ოდირი“ საკუთარ დასკვნაში აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ეს ნამდვილად ასეა.
როგორც სახალხო დამცველმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარლამენტმა იმ მოსამართლეთა არჩევის წესი უნდა მიიღოს, რომლებიც უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეები 20-30 წელი იქნებიან, ამიტომ საკითხის განხილვას უფრო მეტი დრო სჭირდება.
“არსებობს ორი უაღრესად ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნა, შესაბამისს აქტებზე მითითებით. წარმოდგენილი კანონპროექტი რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ეს ორგანიზაციები კონკრეტულ გამოსავალს გვთავაზოვენ“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიესალმა, რომ მოსამრთლეთა სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდა ინიცირებული კანონპროექტიდან ამოღებული იქნება. რაც შეეხება ინტერსთან კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხს, ლომჯარიამ აღნიშნა ისიც, რომ მისასალმებელია კანონპროექტის ავტორთა მიერ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება.
“ასევე აუცილებელია დაზუსტდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, არ შეეძლოს არანაირი ფორმით განხილვაში მონაწილეობა, არ წარმართოს საბჭოს სხდომები, არ ჩაერთოს ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საქმეებში. იგი ასევე არ უნდა გაეცნოს ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ. კანდიდატად წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მაქსიმალურად უნდა იყოს კონკურსის გარშემო მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.