აჭარის ტელევიზიაში 13 ოპერატორი, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაიფიცა და გადაღებებზე არ გადის.
როგორც თავად აცხადებენ, ოპერატორობის გარდა, მემონტაჟის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ და მოითხოვენ, ხელფასები 50%-ით გაუზარდონ.
„ამ ფორმით ვაპროტესტებთ უსამართლობას, დიდი ხანია რაც ტელევიზიაში ვმუშაობთ ორ პოზიციაზე, თუმცა ვიღებთ ერთი პოზიციის ანაზღაურებას. ამის შესახებ იანვრიდან დავაყენეთ საკითხი, თუმცა დირექტორი მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით შემოიფარგლა, შემდეგ კი საერთოდ უარი გვითხრა, როცა პარალელურად სხვა რგოლებში ანაზღაურება გაიზარდა. ვიდრე არ მივაღწევთ სამართალს, მანამდე არ შევწყვეტთ გაფიცვას“, – ამბობს ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე.
აღსანიშნავია, რომ დღეს აჭარის ტელევიზიის ბორდი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს, თუმცა ოპერატორები ამბობენ, რომ გაფიცვას კავშირი არ აქვს სამეთვალყურეო საბჭოს დღეს დაგეგმილ სხდომასთან.
სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. იმპიჩმენტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა დააყენა. უნდობლობის გამოსაცხადებლად ბორდის ხუთი წევრიდან სამის თანხმობაა საჭირო.
ფოტო: 1Tv.ge