დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელით განცხადება, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს სამეფო სახლის გვერდზე გავრცელდა.
ბაგრატიონის განცხადებით, ის სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს.
„მინდა, სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში.
მინდა, ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი.
ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არიან ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ, ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.