ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საბანკო ასოციაცია მომხმარებლებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებელს ფინანსური ზარალი მიაყენა.

ასოციაციის განმარტებით, კიბერთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა „ფიშინგია“.

ორგანიზაცია დანაშაულისგან თავის დასაცავად მომხმარებელს რჩევებს აძლევს.

ასოციაცია განმარტავს, რომ „ფიშინგი“ არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება. მაგალითად, კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები ან აგზავნიან ელექტრონულ ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა მონაცემების შეყვანამდე საიტის მისამართი გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ იგი ნამდვილად ბანკის გვერდზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათის შესახებ ინფორმაცია თაღლითების ხელში ჩავარდება.

ძირითადად კომუნიკაცია ხორციელდება კომპანიის სახელთან მიმსგავსებული სახელით, ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

„იმისთვის, რომ თავი დავიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან: არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებგვერდზე. ნუ ენდობით იმეილებს, რომლებიც თქვენგან პირადი ინფორმაციის ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით. გაითვალისწინეთ, რომ ბანკისგან მიღებული სმს კოდები, რომლებიც გამოიყენება ავტორიზაციისთვის, შეიყვანეთ მხოლოდ ბანკის ინტერნეტ ბანკინგის მისამართზე. პირადი ინფორმაციის, მაგალითად, ბარათის მონაცემების ინტერნეტში შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით სწორ მისამართზე. გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი. გახსოვდეთ, გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება, მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო“, – აღნიშნავენ ასოციაციაში და ასევე განმარტავენ, რომ მომხმარებელი არ უნდა ენდოს შეტყობინებებს, რომლებიც მისგან სასწრაფოდ ითხოვენ რამე ქმედებას“, – აცხადებს ასოციაცია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, როგორც წესი, კიბერდამნაშავე მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს მოტყუებას, ამიტომ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებამდე უნდა გადამოწმდეს ყველაფერი, რაც საეჭვოდ გამოიყურება.

იტვირთბა....