“შემაშფოთებელია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აბსოლუტურ იგნორს უკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოსაზრებებს. ასე იყო არჩევნების დროსაც, როდესაც ეუთო-ს დასკვნა იყო აბსოლუტურად იგნორირებული და გვატყუებდნენ, რომ კარგი დასკვნა იყო, არადა, კატასტროფული იყო ხელისუფლებისთვის. ასევე არის ახლაც, როდესაც გვეუბნებიან, თურმე ვენეციის კომისია არ უნდა ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში და ვენეციის კომისიის დასკვნები არ უნდა გავითვალისწინოთ. როდესაც კომისია ხედავს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის და დემოკრატიისა და განვითარების გზიდან გადახვევას აპირებს, აძლევს რეკომენდაციებს, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რათა პირობითი დემოკრატიიდან, რომელიც ახლა ჩვენთან არსებობს, მთლად ავტორიტარულ სისტემაში არ გადაიჩეხოს. ის, რაც ხდება ახლა მოსამართლეებთან დაკავშირებით, პირდაპირ მიუთითებს, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, 2020 წლის არჩევნებზე კატასტროფული მდგომარეობა ექნება. ამიტომ სჭირდება არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა მხოლოდ ადგილობრივი კომისიები, არამედ სასამართლოები, რათა გაიმეოროს იგივე, რაც იყო 2016 წელს, როდესაც ჩვენი 700 საჩივრიდან არც ერთი არ განიხილა და მით უფრო, არ დააკმაყოფილა”.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება;
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
როგორც კანონის პროექტშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.