პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ტყუილია, თითქოს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ გამოცდა, როგორც ბარიერი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. ითქვა, თითქოს გაიზიარეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, ეს არის ტყუილი. ვენეციის კომისია ამბობს, რომ თუ კანდიდატი არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე დარეგისტრირებული პირი, ის იმავე დროს არ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ შემოთავაზებული ცვლილებით მმართველი პარტია გვთავაზობს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შეეძლებათ საკუთარი თავის ნომინირება, ერთადერთი ხმის უფლების გარეშე, რაც არ არის ის რეკომენდაცია, რასაც ვენეციის კომისია გვთავაზობს. არ არის გათვალისწინებული არც ერთი სხვა რეკომენდაცია. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ დაუჯერებდნენ, არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს. რატომ გააკეთეს საჯარო დაპირებები, რომ რეკომენდაციებს გაიზიარებდნენ? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებენ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც მოსახლეობის განწყობას და ასე ჯიქური იღებენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
როგორც კანონის პროექტშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.