ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთის იმიჯი” – ე.წ. მეფის ადვოკატი

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატის ბრალდებას პასუხობს.

“ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიულ რიტორიკას, მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს ვუწვდით. ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ორივე მხარემ ძალიან დავაზარალეთ ერთმანეთი და ერთმანეთის იმიჯი” – აცხადებს ადვოკატი.

ჩხეიძე უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მისამართით მუქარას და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ მისი კლიენტის დანაბარები გადასცა.

გარდა საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებისა, ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყველა სადავო საკითხზე მორიგებას სთავაზობს

“მე და მოწინააღმდეგის ადვოკატს კომუნიკაცია, სატელეფონო საუბარი გვქონდა, რა დროსაც, მორიგების სხვადასხვა ვარიანტებს განვიხილავდით. ნამდვილად არ უარვყოფ ფაქტს, რომ ჩემი მარწმუნებლისგან მივიღე დავალება, რაც ადვოკატს გადავეცი. მათ ვუთხარი, იმ შემთხვევაში, თუკი, მოწინააღმდეგე მხარე არ შეწყვეტდა დავებს, დავუპირისპირებდით სხვა არგუმენტებს. ჩვენ ახლა თავდაცვის რეჟიმში ვართ და ბრალდების რეჟიმში გადავიდოდით, ჩვენი მხრიდანაც იქნებოდა სხვადასხვა ტიპის პრეტენზიები, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლებრივი კუთხით. ადვოკატებში ხშირია, როცა დავის პარალელურად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ პროფესიულად, ეთიკურად ლამაზი არ არის, ადვოკატებმა ერთმანეთის საუბრები ჩავწეროთ და მერე ერთმანეთის წინააღმდეგ გამოქვეყნება დავიწყოთ. შევეცადე, მოწინააღმდეგე მხარისთვის სიურპრიზი არ გამეკეთებინა და ზურგში დანა არ ჩამერტყა, ის წინასწარ გავაფრთხილე, რომ ამ დავის გაგრძელებას შესაძლოა, ჩვენი მხრიდანაც მოჰყოლოდა ადეკვატური პასუხები. ეს არასწორად იქნა გაგებული. ჩვენ არავის ვემუქრებით, არც არავისთვის არაფრის დაბრალებას ვაპირებთ”, – აცხადებს ჩხეიძე.

მუხრანელის ადვოკატის განმარტებით, თუკი, სასამართლო სამოქალაქო დავაზე, რომელიც ქონების გაყოფას შეეხება, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საწინააღმდეგოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ის სასამართლოს განაჩენს აღასრულებს.

ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ ცოლს შვილზე ძალადობის მტკიცებულების გამოქვეყნებით არ დამუქრებია.

“სახელი არ დასახელებულა, ზოგადად, ბავშვზე იყო საუბარი. კონკრეტულად, რომელ ბავშვზეა საუბარი, ეს არც მე ვიცი. დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ადვოკატთან დამაბარა, რომ ამგვარი ჩანაწერი არსებობს და არსებობს სხვა პრეტენზიებიც, რომელიც სამოქალაქო ხასიათისაა და მსვლელობა მიეცემაო. ეს არ არის მუქარა, არანაირი კომპრომატის გამოქვეყნებაზე საუბარი არ იყო, საუბარი შეეხებოდა, რომ კონკრეტულ მტკიცებულებებს ეს ადამიანი სამართალდამცავ ორგანოებს მიაწვდიდა. ეს კადრები არ მინახავს, სავარაუდოდ, ცემის ფაქტი შეიძლება იყოს. როგორც ვიცი, ვიდეომასალაა, დეტალები არ ვიცი და არც ჩავძიებივარ”, – დასძენს ადვოკატი.

ამავდროულად, ის უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინკის მისმა კლიენტმა დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, ფული შესთავაზა.

„ჩემი გავლით, რაიმე თანხის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია და არც ჩემს კლიენტს შეუთავაზებია მსგავსი რამ. მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია, რომ მათ ფული არ აინტერესებთ, უბრალოდ, ჩვენ პოზიციები ვერ დავაახლოვეთ. მოწინააღმდეგე მხარეს სურს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენებაზე უარი ვთქვათ. ამ პოზიციას არ ვეთანხმებით, მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა საკითხები, მორიგების პირობები, ოღონდ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. საქართველოს სამეფო სახლის სახელით ის მეოთხე თაობაა სარგებლობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ აგვეკრძალოს ამ სახელის გამოყენება”, -აცხადებს ადვოკატი.

ჩხეიძე მოწინააღმდეგე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს.

„ბოლო თვენახევრის განმავლობაში ერთმანეთს ბევრი ტალახი ვესროლეთ, ძალიან დავაზარალეთ ორივე მხარემ ერთმანეთი და ერთმანეთის იმიჯი. ყველა ტალახი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ გვესროლა, საზოგადოების თვალში, მოხვდა მათ და ყველა ტალახმა, რომელიც წავიდა ჩვენგან, პირდაპირ დაგვაზარალა ჩვენ. მიუხედავად იურიდიული შედეგისა, საზოგადოებრივი შედეგი შეუფასებლად ნეგატიურია, მოგებული ვერც ერთი გამოვდივართ. ორივე მხარემ საზოგადოებას ძალიან ცუდი შოუ ვანახეთ. ვაცხადებთ მორატორიუმს, ვწყვეტთ აგრესიულ რიტორიკას, მეორე მხარეს მორიგებისთვის ხელს ვუწვდით არა იმის გამო, რომ გვეშინია, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რას ვკარგავთ ორივე მხარე”, – აცხადებს ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ  ბაგრატიონთა სამეფო ოჯახში დედოფალმა მეფეს სასამართლოში უჩივლა და თვალთმაქცობაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....