დღეს, 10:00 საათზე პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო.
შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ პოზიციებს შეაჯერებენ. საუბარია რეკომენდაციებზე, რომელიც კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
როგორც მმართველმა გუნდმა დააანონსა, შენიშვნების ძირითად ნაწილს გაითვალისწინებს, თუმცა არის პუნქტები, რომლის ირგვლივაც გუნდში განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათ შორისაა კონკურსში მონაწილე არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმებისა და კენჭისყრის ღია მეთოდით ჩატარების საკითხები.
ასევე, წინასწარი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს იმ პუნქტის გათვალისწინებას, რომლის მიხედვითაც, ევროპელი ექსპერტები მმართველი გუნდს ურჩევენ, მოსამართლეთა ერთი ნაწილი მომავალი მოწვევის პარლამენტმა შეარჩიოს.
“ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ასახვას ვერ ჰპოვებს.
„საკითხების ნაწილი, რომელზეც პოზიციები ჯერ არ არის შეჯერებული, იქნება განხილული დღეს უმრავლესობის სხდომაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საკითხი არის, სადაც ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ დავუბრუნდეთ განხილვას, დამატებით განვიხილოთ ის კრიტერიუმი, სადაც იურისტის მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდის ჩაბარების საკითხი წერია ერთდროულად. მათ გვთხოვეს კიდევ ერთხელ განვიხილოთ არის თუ არა ორი კომპონენტის შეტანა ერთ კრიტერიუმში საჭირო და ამაზე ჩვენ პოზიციას დღეს უკვე უმრავლესობის სხდომის შემდეგ დავაფიქსირებთ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა დაიწყება და უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
დღესვე სესიაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მოუსმენენ. უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კი დეპუტატები 19 აპრილს, სესიაზე უყრიან კენჭს.