პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას “მეტრონომთან” საუბრისას აფასებს და აცხადებს, რომ განცხადების მეორე ნაწილი ან დიდი სიბრიყვეა, ან დანაშაულებრივი დავალების შესრულება.
“ჩემი შენ გითხარიო. ექსტრემალური ლექსიკა მეც არ მომწონს, მაგრამ “ქართული ოცნების” წევრები სიძლვილის ენას არ იყენებენ? იგივე ენაზე არ საუბრობს მუდმივად? თუ მშვიდობის მტრედები არიან უცებ რომ გამოვარდებიან-ხოლმე? რაც შეეხება მეორე ნაწილს – ფარული მუქარა მიუღებელია. ეს ხუნდაძისმხრიდან ან ძალიან დიდი სიბრიყვეა, ან დანაშაულებრივი დავალების შესრულება, რაც დიდი სიბრიყვეა”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიძულვილის ენაზე უარი თქვან.
„ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია,“ – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.