“თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ ხვალ, 18 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბონ.
პრესკონფერენციაზე, გოგუაძემ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს სასამართლოს დაცვა სჭირდება.
„ხვალ, 18 აპრილს, სამის ნახევარზე, მოდით მივიდეთ უზენაეს სასამართლოსთან, რადგან იქ საქართველოს სასამართლოში უკვე მერამდენედ, მაგრამ ამჯერად, ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობის განადგურება სურთ. სამართალზე და სამართლიან სასამართლოზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი დაიცავს ადამიანს და პირიქით, არავინ და არაფერი ისე არ დაჩაგრავს ადამიანს, ისე დათრგუნავს თავისუფლებას, როგორც უსამართლო სასამართლო, როგორც კლანის ხელში ჩავარდნილი სასამართლო“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
“თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბლოკის მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებით ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხვალ ხმა მისცეს კანონს, რომელიც იუსტიციის საბჭოში გაბატონებულ, ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარუდგინოს თვითნებურად, ისეთი პიროვნებები, რომლებიც ამ კლანის მიერ შერჩეულნი იქნებიან არა სამართლის, არამედ ხელისუფლების მსახურებისთვის მზადყოფნის ნიშით“ – განაცხადა მთაწმინდის მჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.