მთავარი საზოგადოება

ბოკერია – პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში

“ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ამას გარდა, ასეთი მეთოდებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პრაგმატულადაც წამგებიანად მიმაჩნია.

თუმცა დღეს პოლიტიკურ დისკუსიაში არსებული სიძულვილის კლიმატი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა და წლებია ქართული ოცნების გუნდის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ არ დაეთანხმებათ. სიძულვილისა და აგრესიის გავრცელება ხდება ყველგან, სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, იქნება ეს მათი მხარდამჭერი ტელევიზიები, პროპაგანდისტული გვერდები სოციალურ მედიაში თუ ქართული ოცნების პოლიტიკური სპიკერები თავად ივანიშვილის ჩათვლით.

რაც მთავარია, სიძულვილის და ძალადობის პროპაგანდასთან ერთად, ივანიშვილის პოლიტიკის საკვანძო და ყველაზე ბინძური ნაწილი ოპონენტების წინააღმდეგ დაუსჯელი ფიზიკური ძალადობა და პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი.
ამიტომაა განსაკუთრებით ცინიკური და შემაშფოთებელი დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა არსებულ გარემოზე სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება”

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია;

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიძულვილის ენაზე უარი თქვან.

„ალბათ ყველასთვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდში სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა, რაც ჭარბობს სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 30-წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც თავისი მიზანი აქვს და ეს არის გეგმის ერთი ნაწილი. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც სიძულვილის ენაა, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად იოლია. უფრო მეტიც, სიძულვილის ენა არაპროფესიონალიზმის ნიშანია, როცა არ გვაქვს არგუმენტები, ვიყენებთ სწორედ სიძულვილის ენას, ლანძღვას, გინებას და ვეხებით პირად ღირსებას. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგადგება ენაზე, ყველაფერი თქვა. ასევე, თავისუფლება არ არის თავნებობა, რომ ყველაფრის უფლება მივცეთ საკუთარ თავს. თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია,“ – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იტვირთბა....