საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატების” წევრის შალვა შავგულიძის საქმიანობას გირგვლიანის საქმეში ნორმალურად აფასებს.
“შალვა შავგულიძის საქმიანობას გირგვლიანის საქმეში ნორმალურად ვაფასებ, როგორც უნდა შეაფასოს ადვოკატმა ადვოკატი. მან მოიგო საქმე და როგორც ადვოკატმა, შავგულიძემ გაამართლა კლიენტის მოლოდინები”, – აცხადებს ქუცნაშვილი.
ქუცნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ შავგულიძის მიმართულებით გაკეთებული განცხადება ფორმალურად სწორია.
“რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას. მისი ტქმით, თუ არ იქნებოდა გირგვლიანის საქმე გასაჩივრებული, როგორ განიხილავდა უზენაესი. შალვამ დაადასტურა, რომ არ ქონდა მას საქმე გასაჩივრებული. უბრალოდ, ეს ტაქტიკური მოსაზრეით ახსნა. ბატონმა ბიძინამ განმარტა ეს არა შავგულიძეზე თავდასხმის, არამედ გარემოებათა ახსნის მიზნით – როგორ განიხილავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმეს, რომელიც არ იყო გასაჩივრებულიო. ფორმალურად, ბატონი ბიძინა სწორია”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარტია „ქართული ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ფაქტმა არჩევნის შესაძლებლობა მოუსპო იმხანად საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ივანიშვილმა იქვე დაამატა, რომ შესაძლოა, არგასაჩივრება გარკვეული გარიგების ნაწილი იყო.