ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნუილა, რომ უჩვეულოა მოვლენაა მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოს სრულად, 20-ვე მოსამართლით დააკომპლექტებს და ეს შემადგენლობა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
“საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელიც ქვეყნის სასამართლოს ბოლო ინსტანციაა, ეყოლება მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა, დანიშნავს რა 18-20 ახალ მოსამართლეს უვადოდ, მათ პენსიაში გასვლამდე. ახალი კონსტიტუცია ამაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტს აკისრებს. ეს გულისხმობს, რომ დღევანდელს საპარლამენტო უმრავლესობას პრაქტიკულად ევალება ახალი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რომლის შემადგენლობა მომდევნო 20-დან 30 წლამდე პერიოდში შესაძლოა უცვლელი დარჩეს.
ეს მნიშვნელოვანი და ძალიან უჩვეულოა, ექსტრაორდინარული სიტუაციაა. უმეტეს ქვეყნებში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში, წლების განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც კი. ეს ბიძგს აძლევს საქართველოში ამ მოსამართლეების წარდგენის და დანიშვნის პროცედურისთვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებას და დიდი სიფრთხილით მოკიდებას,”- წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში წერია, რომ პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელია.
“პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც აუცილებელია, რათა უზენაესი სასამართლოს მუშაობა მართვადი იყოს. რამდენი მოსამართლეა ამისთვის საჭირო, უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ უნდა გადაწყდეს. მოსამართლეთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-20 პოზიციის ნახევარს. მოსამართლეთა შემდგომი ნაკადი შემდეგი არჩევნებით მოსულმა პარლამენტმა უნდა დანიშნოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ასეთი სტრატეგიული მიდგომა როგორც შეამსუბუქებს როგორც ტვირთს უზენაეს სასამართლოში, ასევე უზრუნველყოფს, რომ სარგებლობდეს საზოგადოების ნდობითა და პატივისცემით გრძელვადიან პერსპექტივაში,”- წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს.
20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს.
კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას “ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას” უწოდებს.