იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ.
„დღეს მოვისმინეთ შეფასებები, თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში და ეს ყველაფერი არის მოსამართლეთა ხელში. ეს არის სიცრუე. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ტარდება ორ ეტაპად. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შედეგებს იგებს თქვენთან ერთად.
გამოცდის პირველი ეტაპი არის ელექტრონული, ტარდება ტესტების ფორმით და გამოსაცდელს დასრულებისთანავე ეცნობება შედეგი, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ასახავს და იძლევა ინფორმაციას რამდენი სწორი პასუხი იქნა გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული. მეორე ეტაპი კი, ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი ამოწმებს. მათ არ იციან ერთმანეთის ვინაობა. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, შემდეგ ერთვება უკვე კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ფაქტობრივად გამორიცხულია რამე ხარვეზი. ეს წესიც და კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ტრეინინგები ჩვენ გავიარეთ „იუესაიდის“ პროგრამა „პროლოგთან“ ერთად და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც მოხდა კომისიის წევრების გადამზადება. „პროლოგისა“ და „იუესაიდისგან“ ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი შეფასება, ორჯერ ჩავატარეთ გამოცდა და ორივე შემთხვევაში“, – განაცხადა მიქაუტაძემ.